თბილისის სამარშრუტო ტაქსები თანამედროვე GPRS-ტექნოლოგიებით აღიჭურვება. როგორც commersant.ge-ს „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, ეს სისტემები ტაქსების მდებარეობის ინტერვალებს განსაზღვრავენ და დანიშნულ ადგილზე დროულად მივლენ.
,,თუ აქამდე მიკროავტობუსები აგვიანებდნენ და დიდი ინტერვალით მოძრაობდნენ, ძალიან მალე ეს პრობლემა მოგვარდება და მოსახლეობას სამარშრუტო ტაქსის ლოდინი დიდხანს აღარ მოუწევს. მიკროავტობუსების ნაწილი უკვე აღჭურვილია თანამედროვე GPRS ტექნოლოგიებით” - განაცხადა "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ნიორაძემ.
მისი განმარტებით, სამარშრუტო ტაქსებში ასევე მოგვარდება გადატვირთულების პრობლემა და მგზავრებს ფეხზე დგომა აღარ მოუწევთ. თუმცა, ნიორაძის თქმით, სამარშრუტო ტაქსებში 5 ადამიანის ფეხზე დგომა სრულიად დასაშვებია, ხოლო ამ რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში მიკროავტობუსების მძღოლებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
მისივე ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებიც სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე იდგებიან, უსაფრთხოების მხრივ რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ, ვინაიდან ამ ტიპის მიკროავტობუსები ფეხზე დგომასაც ითვალისწინებს.
თბილისში მიკროავტობუსების შემოყვანის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. ამ დროისათვის კი, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლის განცხადებით, დედაქალაქში 1200 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, გაზაფხულიდან მათ რიცხვი კიდევ 1200 –ით გაიზრდება.
წყარო: commersant.ge